ბათუმის ბულვარი საზღვაო ნარჩენების მართვის პროექტში ჩაერთო

ბათუმის ბულვარი აგრძელებს გარემოს დაცვის მიმართულებით მუშაობას.

საზოგადოებაში ცნობიერების კიდევ უფრო ამაღლების მიზნით, ბათუმის ბულვარსა და „ქალთა საერთაშორისო სანაოსნო და სავაჭრო ასოციაცია“ -ს (WISTA GEORGIA) შორის ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს.

მემორანდუმი ითვალისწინებს EMBLAS PLUS-ის მხარდაჭერით და ევროკავშირის დაფინანსებით საზღვაო ნარჩენების მართვის პროექტის განხორციელებას. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ბათუმის ბულვარის დირექტორმა ირაკლი ჯინჭარაძემ და ასოციაცია WISTA Georgia-ს პრეზიდენტმა ლალი ხვედელიძემ.

ბათუმის ბულვარის დირექტორის ირაკლი ჯინჭარაძის თქმით, ბოლო პერიოდში ბათუმის ბულვარი აქტიურად ერთვება გარემოსდაცვითი კუთხით არსებულ ღონისძიებებსა და პროექტებში. „ცნობიერების ამაღლების მიზნით, ბათუმის ბულვარის ორგანიზებით არაერთი საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიება ჩატარდა. სულ ახლახანს ბათუმის ბულვარი გახდა მსოფლიოს გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო ფონდის ოფიციალური წევრი-პარტნიორი, დაწყებულია პროგრამა „ლურჯ დროშაზე“ მუშაობა, რომელიც ბათუმის სანაპიროზე მაღალის სტანდარტის, ეკოლოგიურად სუფთა ნიშნულის მოპოვებას ისახავს მიზნად. დღევანდელი მემორანდუმიც არის ერთგვარი გაგრძელება ჩვენს მიერ დასახული პრიორიტეტების, ამიტომაც დიდი სიამოვნებით ჩავერთეთ WISTA Georgia-ს მიერ შემოთავაზებულ პროექტში და მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ გარემოს დაცვის მიმართულებით დაგეგმილ ყველა აქტივობაში“ - განაცხადა ირაკლი ჯინჭარაძემ.

საზღვაო ნარჩენების მართვის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე აქტივობა, როგორიცაა საქართველოს სანაპირო ზოლის ზოგიერთი ტერიტორიის ნარჩენებისგან გაწმენდა, ასევე, შავი ზღვის დაცვასთან დაკავშირებით სემინარების ჩატარება.

როგორც ასოციაცია WISTA Georgia-ს წარმომადგენლები აცხადებენ, პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, შესაძლებელია სრულიად მარტივად - სმარტფონებში შესაბამისი აპლიკაციის მეშვეობით, საქართველოს სანაპირო ზოლზე აღმოჩენილი ნარჩენების იდენტიფიცირება. აღნიშნული აპლიკაციით მოპოვებული ინფორმაციის შედეგად, მომზადდება შესაბამისი ანგარიში, რაც სამომავლოდ გაამარტივებს სანაპირო ზოლზე ზიანის მომტანი ნარჩენების რაოდენობის შემცირებას.

ჩვენ შესახებ

სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.

ტურისტული პორტალი

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

All rights reserved © Batumi Boulevad 1881