უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტრომ ბათუმის ბულვარს ტექბოლის სათამაშო მაგიდა გადასცა.
დღესვე ბათუმის დინამოს და უნგრელი სპორტსმენების მონაწილეობით ტექბოლის მეგობრული თამაში გაიმართა. უნგრული მხარე მზადაა აჭარას სპორტის ახალი სახეობის, კერძოდ, ტექბოლის (teqball) განვითარებაში დაეხმაროს, ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ჯაბა ფუტკარაძესთან შეხვედრაზე განაცხადა.
დღეისათვის ტექბოლი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად ფეხბურთზე დაფუძნებულ ახალ სპორტულ სახეობად არის ცნობილი. ბულვარის ვიზიტორებისთვის ახალი გასართობი ობიექტის შემოღება ხელს შეუწყობს ზღვისპირა პარკში უკვე არსებული სპორტული აქტივობების დივერსიფიკაციას და ახალი სპორტული სახეობის განვითარებას.
სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.