9 აგვისტოს, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბულვარის სანაპიროზე წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის - ადაპტირებული პლაჟის გახსნის ღონისძიება გაიმართა.
ტურისტული სეზონისათვის ბათუმის ბულვარის სანაპიროზე ერთი ლოკაცია სრულად გახდა ადაპტირებული და საპლაჟო ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებს მოერგო.
წელს, პირველად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ზღვაში დამოუკიდებლად შეძლებენ შესვლას. ბათუმის ბულვარმა ეტლით მოსარგებლე პირებისთვის ზღვაში შესასვლელი ხუთი საცურაო ტივტივა ეტლის შეძენაზე იზრუნა. სანაპირო ზოლზე მოეწყო ადაპტირებული ბილიკი, საშხაპე- გამოსაცვლელი და საზოგადოებრივი საპირფარეშო. თანამედროვე მულტი-ფუნქციური ადაპტირებული საპირფარეშო აღჭურვილია ულტრათანამედროვე თვითმწმენდი ტექნოლოგიებით, სადაც განთავსებული არის ანტიბაქტერიული ბავშვთა გამოსაცვლელი კუთხე და ანტივანდალური ინვენტარი.
აღნიშნული პროექტი საქართველოში პირველად განხორციელდა, რაც ინკლუზიური ტურიზმის განვითარებასა და შშმ პირთათვის თანაბარი ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება. ღონისძიების მთავარი გზავნილი იყო #ზღვაყველასია. სრულად ადაპტირებული პლაჟის გახსნას ბათუმის ბულვარის ხელმძღვანელობასთან ერთად სხვა ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ.
ტივტივა ეტლებით სარგებლობის წესები
ადაპტირებული პლაჟით დაინტერესებული პირებისთვის, სსიპ ბათუმის ბულვარის მიერ პლაჟზე განთავსებულია საინფორმაციო დაფა, რომელიც ასახავს ტივტივა ეტლებით სარგებლობის წესებს და აკრძალვებს.
შშმ პირების უსაფრთხოების დაცვის მიზნით:
♿️ზღვაში ტივტივა ეტლით ჩასვლის მსურველებმა, პირველ რიგში უნდა გაითვალისწინონ თუ როგორი ამინდია ზღვისპირას. ტივტივას შემქმნელი ფრანგული კომპანია სასტიკად გვაფრთხილებს ზღვის ძლიერი დინების და ღელვის დროს ბანაობის აკრძალვის შესახებ.
♿️ ბანაობა აკრძალულია დამცავი ჟილეტების გარეშე!
♿️ბანაობა იკრძალება ასევე თანმხლები პირის გარეშე!
♿️აკრძალულია ტივტივაზე რაიმე მისაბმელის ან დამატებითი აღჭურვილობის გამოყენება.
♿️ტივტივით სარგებლობა ეკრძალებათ პატარა ბავშვებს!
ვინაიდან ტივტივა ეტლები არის ძვირადღირებული და სპეციფიკური მოწყობილობა, დაზიანების ან ვანდალური ფაქტების თავიდან ასაცილებლად, უამინდობისას და საღამოს საათებში, ბათუმის ბულვარი იტოვებს უფლებას გადაიტანოს ისინი დაცულ ადგილას.
სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.