უამინდობამ და ძლიერმა შტორმმა, ახალ ბულვარში სანაპირო ზოლის რამდენიმე მონაკვეთი სილითა და ქვაღორღით დაფარა. ძლიერი ღელვის შედეგად სასეირნო ბილიკზე ამოყრილია დიდი რაოდენობის ქვიშა და ნატანი, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.
"აკვაპარკი"-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია შპს “სანდასუფთავების” სამსახურის თანამშრომლები, რამდენიმე ერთეული სპეციალური ტექნიკა და ბათუმის ბულვარის მობილური ჯგუფები.
სანაპირო ზოლზე გაწმენდითი სამუშაოები ამინდის შესაბამისად გაგრძელდება.
სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.